|
კონსულტაციები უნივერსიტეტებისათვის |
|
|
|
ბოლონიის დეკლარაციით გათვალისწინებული და ევროკავშირ-საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში ასახული უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის შექმნისათვის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ვინაიდან უნივერსიტეტებში სადოქტორო პროგრამებისა და მეცნიერული კვლევების განვითარების დონე ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს.
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები და დასკვნები მიუთითებენ საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემის არაეფექტურობაზე, რის გამოც ქვეყანა ხასიათდება ინტელექტუალური პოტენციალის გამოფიტვით, გონების გადინებით, ეკონომიკური რეცესიითა და ტექნოლოგიური უთანაბრობით. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის 2008-2009 წლების მაჩვენებლებით (Global Competitiveness Index, http://gcr.weforum.org/gcr09/), რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, უნივერსიტეტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალით მიხედვით, საქართველოს 134 ქვეყანას შორის უკავია 117 ადგილი. მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილ ცოდნის ეკონომიკის ინდექსის 2009 წლის მაჩვენებლების (http://info.worldbank.org/etools/kam2/KAM_page5.asp) მიხედვით, საქართველო ჩამორჩება არა თუ ევროკავშირის წევრ, არამედ უახლოეს მეზობელ სახელმწიფოებსაც კი. ამ მხრივ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ე.წ. “ტვინების გადინება” ანუ “ბრეინ დრეინი”, რომელმაც სერიოზულად დააზარალა უმაღლესი განათლების სფერო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. 1990-იანი წლებიდან დაწყებულმა ინტელექტუალურმა ეროზიამ დამანგრეველი ზეგავლენა იქონია საქართველოს განვითარებაზე, თუმცა სამწუხაროდ ეს პრობლემა ჯერაც არ მოქცეულა საჯარო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში, რაც სერიოზული რისკის წინაშე აყენებს მთელ ქართულ საგანმანათლებო სისტემას.
კონსულტაციები უნივერსიტეტებისათვის მიზნად ისახავს მათ მოდერნიზაციასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ფოკუსირებულია როგორც საგანმანათლებო პროგრამების დახვეწაზე, ისე მეცნიერული კვლევების განვითარებაზე.
|